geo  |  eng    
 
ჩვენს შესახებ ისტორია
თიბისი ფონდი 2008 წლის 13 აგვისტოს რუსეთის აგრესიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, თიბისი ბანკის ინიციატივით და მისივე პირველი, 5 მილიონი ლარის შენატანით დაარსდა.

ფიზიკური და იურდიული პირების მიერ ფონდში ჩარიცხული თანხა დღეისთვის 7.5 მილიონ ლარს აჭარბებს.

დაარსებისთანავე თიბისი ფონდის საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.

2008 წლის აგვისტო-სექტემბერში განხორციელდა თიბისი ფონდის საქმიანობის პირველი გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების ეტაპი, რომელიც დევნილ ბავშვთა, მეძუძურ და ორსულ ქალთა პირველადი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პირობებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.

ამ პერიოდში, განსაზღვრული კატეგორიის 6 700-მდე დაზარალებული ადამიანი მარაგდებოდა საკვები პროდუქტებით, გამზადებული ცხელი ულუფებით, ჩვილ ბავშვთა საკვებით, ჰიგიენური და პირველადი მოხმარების საშუალებებით.

გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების ეტაპის პარალელურად, მიმდინარეობდა დაზარალებული ბავშვებისა და ორსული ქალების საჭიროებების ანალიზი, რის შედეგადაც გამოიკვეთა და დაიწყო ფონდის საქმიანობის მეორე, გრძელვადიანი, მასშტაბური პროექტების განხორციელების ეტაპი.

 
 
Designed By Natia Jabanashvili